სკოლამდელ პერიოდში ბავშვის თვითაღქმის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ჭიდილი მის ორ სამყაროს – ფანტაზიასა და რეალობას შორის. ერთმანეთს ენაცვლება გრანდიოზული და რეალისტური წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ. გრანდიოზული წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ, რომელიც მეტწილად თამაშის სახით ვლინდება, ემსახურება ბავშვის მიერ გარკვეული შფოთვის დაძლევას. მაგალითად, როდესაც ბავშვი რეალურად აცნობიერებს, თუ რამდენად პატარაა იგი გარშემომყოფებთან შედარებით, მას შეიძლება დაეუფლოს გარკვეული შფოთვა და სწორედ ფანტაზიის შედეგად მოახდინოს ამის კომპენსირება. მსგავსი კომპენსატორული განაცხადები შეიძლება ხშირად გავიგოთ მათგან: მაგალითად, როდესაც 5 წლის ბავშვი აცხადებს, რომ ის საუკეთესო ფეხბურთელია, ან იცის წერაც და კითხვაც, ან არის მფრინავი და ა.შ. მიუხედავად მისი ასეთი შფოთვისა, ამ ასაკის ბავშვებს გააჩნიათ შინაგანი მხარდამჭერი მექანიზმებიც. მაგალითად, მის მაღალ თვითშეფასებას ზრდის მისი სწრაფვა ავტონომიისა და სირთულეებისთვის თავის გართმევისაკენ. ამიტომ, ამ ასაკის ბავშვები ხშირად ახცადებენ, რომ მას სურს ეს თვითონ გააკეთოს. მშობელმა ან აღმზრდელმა ბავშვის ეს განაცხადი და მოტივაცია არ უნდა დათრგუნოს, თუ ეს ბავშვის სიცოცხლეს და ინტერესს არ ეწინააღმდეგება. თუმცა მათ ამ „თავდადებას“ ხშირად მოყვება ის, რომ ბავშვები ფიზიკურად ცდილობენ ამის დამტკიცებას და შეიძლება ერთ-ერთი ესეთი მცდელობისას რაღაც დაიზიანონ. საკუთარი თავის გაცნობიერების განვითარება ამ ასკის ბავშვს ეხმარება საკუთარი თავის შეფასებასა და საკუთარი ღირსების გაცნობიერებაში, ამიტომ რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს პატარა გარკვეული ამოცანების თავის გართმევაში, მით უფრო მეტ რწმენას იძენს საკუთარი თავის შესახებ და მეტად აკონტროლებს საკუთარ ქმედებას. ფსიქოანალიზის თეორიის მიხედვით, ბავშვის საკუთარი თავის სიყვარული მნიშვნელოვნად არის განპირობებული საიმედო მიჯაჭვულობის და გარემოს ემოციური მხარდაჭერის გამოცდილებით. რაც უფრო მტკიცეა ეს გამოცდილება, მით უფრო პოზიტიურია მისი თვითაღქმა. ამ ასაკში ბავშვები იწყებენ სწრაფვას დაემსგავსონ ზრდასრულებს, რადგან ეს როლი ძალიან ხიბლავთ, ისინი ხომ თვლიან რომ უფროსებს ყველაფრის კეთება შეუძლიათ. ამიტომ ხშირია, რომ ისინი თამაშის დროს უფროსების ტანსაცმელს იცმევენ და ცდილობენ მშობლების ან აღმზრდელების ტერმინებით ისაუბრონ.
თვითაღქმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საკუთარ სქესთან იდენტიფიცირება. მრავალი კვლევა არის ჩატარებული მსოფლიოში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სქესის ტიპის ჩამოყალიბება ხდება დაბადებისთანავე. მშობლები უკვე ჩვილებთან იწყებენ სქესის მიხედვით ბავშვთან დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, მაგალითად გოგონებს უფრო სხვაგვარად და სხვა ტემბრით ესაუბრებიან, ვიდრე ბიჭებს. 2 წლის ასკისათვის ბავშვი უკვე სწავლობს თუ რა სქესის არის და სოციალიზაციის დროს იწყებს მისი სქესის მახასიათებლებზე დაკვირვებას და გათავისებას. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად ვითარდება 4-5 წლის ასაკში. ამ ასაკის ბავშვების თამაშს თუ დავაკვირდებით ვნახავთ რომ მათ ქცევაში ხდება სქესთან იდენტიფიცირებული ქცევის მკვეთრად გამოვლენა: გოგონებს უფრო მეტად მოსწონთ მზრუნველობასთან დაკავშირებული როლიანი თამაშები, ხოლო ბიჭები კი უფრო მეტად საშიშროებებთან მებრძოლი გმირების როლს თამაშობენ. ამ ასაკში ბავშვებს თავისი სქესის ბავშვებთან უფრო მეტად მოსწონთ თამაში, რაც კიდევ უფრო მეტად ეხმარებათ საკუთარ სქესთან იდენტიფიცირებაში.