ბავშვის აღზრდა — ეს არის მშობლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური განვითარებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, არამედ თვით მშობლის პიროვნული საზღვრების დაცვასაც. ჯანსაღი ურთიერთობა ბავშვსა და მშობელს შორის ეფუძნება პატივისცემას, პასუხისმგებლობას და ემოციურ ბალანსს. რთულია მშობელმა საკუთარი ემოციების პარალელურად იფიქროს დაგეგმოს და მხარი დაუჭიროს ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპებს.
მშობლის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები
ბავშვის ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობა მშობლის პირველადი მოვალეობაა უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო გარემო, ჯანსაღი კვება და რეგულარული განათლება. თუმცა, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური განვითარება: სიყვარულის, მხარდაჭერისა და უსაფრთხოების განცდის შექმნა. მშობელმა პატივი უნდა სცეს ბავშვის ინდივიდუალობას, მის სურვილებსა და შესაძლებლობებს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი არ უნდა იყოს მშობლის სურვილების განხორციელების იარაღი. მშობლის მხრიდან ბავშვის უნარების, ინტერესებისა და არჩევანის გათვალისწინება ბავშვს ეხმარება ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში. გახსოვდეთ, ,თქვენი შვილი თქვენ არ ხართ”, თქვენ ხართ მისთვის მაგალითი. ბავშვები სწავლობენ ქცევებს მშობლებისგან, ამიტომ მნიშვნელოვანია, აჩვენოთ პასუხისმგებლობიანი, ეთიკური და ჯანსაღი ქცევის მაგალითები.
პიროვნული საზღვრების დაცვა
პასუხისმგებლობა არ ნიშნავს პიროვნული საზღვრების დარღვევას. მშობელს აქვს უფლება, დაიცვას თავისი ინდივიდუალობა და პატივი სცეს საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებს. ეს არ ნიშნავს ბავშვის უგულებელყოფას, არამედ, პირიქით, ჯანსაღი ურთიერთობის შექმნას.
“არა”-ს თქმა საჭიროა -ზოგჯერ ბავშვი შეიძლება ითხოვდეს იმაზე მეტს, ვიდრე მშობელს შეუძლია. უარის თქმა ასეთ დროს არა მხოლოდ მშობლის უფლებაა, არამედ ბავშვისთვის ცხოვრებისეული საზღვრების სწავლის საშუალებაც.
პირადი სივრცის აღიარება– ბავშვსაც და მშობელსაც სჭირდებათ პირადი სივრცე. ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ მშობელიც ადამიანია, რომელსაც აქვს თავისი ინტერესები, საჭიროებები და სურვილები.
ემოციების მართვა-ბავშვებთან ურთიერთობისას მშობელი უნდა იყოს ემოციურად გაწონასწორებული. თვითკონტროლი და ემოციური საზღვრების დაცვა დაგეხმარებათ ბავშვთან ჯანსაღი კომუნიკაციის შენარჩუნებაში.
მშობლისა და ბავშვის ურთიერთობის ჯანსაღი ზღვარი
მშობელს ბავშვის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი აქვს, მაგრამ არა იმისთვის, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ბავშვის პირადი გამოცდილება. ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, თუმცა საკუთარი პასუხისმგებლობით. მშობლის მოვალეობაა, გაიგოს და დაუჭიროს მხარი ბავშვის პიროვნულ საზღვრებს.
როგორ დავიცვათ საზღვრები, ,კომუნიკაციის როლი საზღვრების დაცვაში”
კომუნიკაცია არის მშობელსა და შვილს შორის ჰარმონიული ურთიერთობის საფუძველი. პოზიტიური კომუნიკაცია საშუალებას აძლევს მშობელს, ბავშვის მოთხოვნები და ემოციური საჭიროებები სწორად გაიგოს და ამავე დროს, საკუთარი საზღვრები გააცნოს. აქტიური მოსმენა ბავშვთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია აქტიურად მოუსმინოთ მას. ეს ნიშნავს, რომ საუბრის დროს ყურადღება მთლიანად უნდა მიექცეს ბავშვის ნათქვამს. ეს მიდგომა არა მხოლოდ აძლიერებს ნდობას, არამედ საშუალებას აძლევს მშობელს უკეთ გაიგოს, რა სჭირდება ბავშვს.
ბავშვს უნდა აუხსნათ თქვენი საზღვრები და საჭიროებები მარტივი, გასაგები ენით. მაგალითად, თუ გჭირდებათ დრო დასვენებისთვის, შეგიძლიათ უთხრათ: „ახლა მჭირდება ცოტა დრო, რომ დავისვენო, შემდეგ კი გავაგრძელოთ ჩვენი საქმეები.“ ასევე ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისი ემოციები და აზრები გაზიარებულია, მშობელი მხარს უჭერს მას და მის გვერდითაა. ემპათია მშობელს დაეხმარება, ბავშვის ემოციური მდგომარეობის უკეთ გაგებაში, თუმცა ამ პროცესმა პირადი საზღვრები არ უნდა დაარღვიოს მშობელსა და შვილს შორის.
როგორ იზრუნოს მშობელმა საკუთარ თავზე
მშობლობა ხშირად მოითხოვს დიდ ენერგიას და ფსიქოემოციურ რესურსს, ამიტომ ბალანსის დაცვა აუცილებელია მშობლის ჯანმრთელობისა და ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
დრო საკუთარი თავისთვის ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანია დროის გამოყოფა საკუთარი ინტერესებისთვის. ეს შეიძლება იყოს წაკითხვა, ვარჯიში ან მეგობრებთან დროის გატარება. ასეთი აქტივობები მშობელს ეხმარება ენერგიის აღდგენაში. ემოციების აღიარება და მართვა არ არის აუცილებელი ემოციების ჩახშობა. მათი აღიარება და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის მიღება (მაგალითად, მეგობრების ან პროფესიონალისგან) ხელს უწყობს სტრესის შემცირებას.
ფიზიკური ჯანმრთელობა ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და საკმარისი ძილი აუცილებელია ფსიქოემოციური ბალანსის შესანარჩუნებლად. მშობელმა უნდა იზრუნოს საკუთარ სხეულსა და ჯანმრთელობაზე, რათა შეძლოს ბავშვისთვის უკეთესი მხარდაჭერის გაწევა.
საკუთარი თავის მიმართ რეალისტური მოლოდინები, სრულყოფილება მიუღწეველია. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა არ აიღოს ზედმეტი პასუხისმგებლობა ან არ ჰქონდეს საკუთარი თავის მიმართ არარეალისტური მოლოდინები.
მხარდაჭერის ქსელის შექმნა მეგობრები, ოჯახის წევრები ან მშობლების ჯგუფები შეიძლება გახდნენ ემოციური მხარდაჭერის წყარო. ასეთ ჯგუფებში კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება ამცირებს მარტოობის განცდას და აძლიერებს მშობლის თავდაჯერებულობას.
მშობლის პასუხისმგებლობები და პიროვნული საზღვრების დაცვა არის ის ბალანსი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღი გარემოს შექმნას და მშობლის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ჯანსაღი ურთიერთობა ეფუძნება ღია კომუნიკაციას, ურთიერთპატივისცემას და ემოციურ მხარდაჭერას. მშობლობის ხელოვნება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მშობელმა შეძლოს ბავშვის განვითარებისთვის მხარდაჭერის გაწევა, პიროვნული საზღვრების დარღვევის გარეშე.

