მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანი შეკრებები ხშირად უსაფრთხოა, ვითარება შეიძლება მოულოდნელად დაძაბულობამდე მივიდეს. ბავშვები ასეთ გარემოში უფრო დაუცველები არიან. ამიტომ, მათთვის სჯობს, მსგავსი ღონისძიებებისგან თავი შორს დაიჭირონ.
თუ თქვენ მიდიხართ მიტინგზე, ბავშვი დროებით დატოვეთ სანდო პირებთან ან ოჯახის წევრებთან, რომლებიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
- თუ მიტინგები გადაიცემა ტელევიზიით ან სოციალური ქსელებით, ეცადეთ ბავშვები მოარიდოთ ეკრანს.
- ტელევიზორსა და ინტერნეტზე გამოიყენეთ ასაკობრივი შეზღუდვები ან განიხილეთ სხვა აქტივობები, რომლებიც მათ ყურადღებას გადაატანინებს.
- ბავშვისთვის სტრესულია ხმაური, დიდი რაოდენობით შეკრებილი ხალხი და დაპირისპირებებისას გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებები.
- თუ ბავშვს მაინც მოუწია მსგავს გარემოში ყოფნა, ეცადეთ მის გვერდით იყოთ, აუხსნათ და დაამშვიდოთ.
- გაარკვიეთ, თუ როგორ გრძნობენ თავს ისინი მომხდარის შემდეგ და თუ საჭირო გახდება, მიმართეთ სპეციალისტს, რათა მათი ფსიქოლოგიური კეთილდღეობა დაცული იყოს.
- თუ ბავშვმა მიტინგების შესახებ კითხვები დასვა, ეცადეთ მშვიდი და გასაგები ენით აუხსნათ, რატომ ხდება ეს მოვლენები და რა არის მათი მიზანი, მაგრამ ეს გააკეთეთ ძალადობაზე ან სირთულეებზე ყურადღების გამახვილების გარეშე.
- ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ეს არის დროებითი და რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდება.
- თუ ბავშვი შეკრების ადგილებთან ახლოს ცხოვრობს, მოერიდეთ მის გარეთ მარტო გაშვებას, ამასთან უზრუნველყავით სახლში უსაფრთხო გარემო.
- ბავშვები მოარიდეთ იმ მარშრუტებს, რომლებიც შესაძლო საფრთხის შემცველია მათთვის.
ალტერნატიული აქტივობები
- ბავშვებისთვის ორგანიზებული აქტივობები (თამაშები, ხელოვნება, წიგნების კითხვა) მათი ყურადღების გადატანასა და სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ.
- ფიზიკური აქტივობა (მაგალითად, სეირნობა მშვიდ ადგილას) ასევე ეფექტური საშუალებაა სტრესისგან გასათავისუფლებლად.
შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვების მორიდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ძალადობრივი სცენებისგან მათი უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის აუცილებელია. თქვენი ჩართულობა, სწორად დაგეგმილი ქმედებები და მზრუნველობა მათ დაეხმარებათ თავი იგრძნონ შედარებით უსაფრთხოდ და დაცულად.
გართულებული ფსიქოემოციური მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს.


