შფოთვა არის მდგომარეობა, რომელსაც ადამიანები განიცდიან. ეს შესაძლოა მოხდეს, როდესაც რაიმე საფრთხეს ან გაურკვევლობას აღიქვამენ ადამიანები. ეს მდგომარეობა არის სხეულის და გონების პასუხი სტრესზე და ხშირად იჩენს თავს იმ სიტუაციებში, სადაც ადამიანმა არ იცის, რა მოხდება მომავალში, ან როდესაც სირთულეების წინაშეა და უხშირესად შფოთვა წარსულთან ბმაშია. შფოთვა მოიცავს როგორც სომატურ სიმპტომებს (მაგალითად, გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, კუნთების დაძაბვა), ასევე ფსიქოლოგიურ სიმპტომებს (მუდმივი ფიქრები ან ნერვიულობა მომავლის შესახებ).
შფოთვის მიზეზებია
შფოთვას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის:
- მომავალზე ფიქრი – როცა ადამიანი ხშირად ფიქრობს, თუ რა იქნება და რამდენად შეძლებს ის სირთულეების გადალახვას.
- სტრესი და ყოველდღიური პრობლემები – ფინანსური, ოჯახური ან სამსახურის პრობლემები ხშირად იწვევს შფოთვას.
- ტრავმული გამოცდილება – წარსულში განცდილი უარყოფითი მოვლენები, რომელთა შესახებ მოგონებები ადამიანს მუდმივად აწუხებს.
როგორ უნდა ვმართოთ საკუთარი თავი შფოთვის დროს?
- ღრმა სუნთქვის ტექნიკები – შფოთვის დროს სუნთქვა ხდება ზედაპირული და სწრაფი. ღრმა და ნელი სუნთქვა ამშვიდებს სხეულს და ეხმარება მენტალური სიმშვიდის მიღწევაში.
- სხეულის მოდუნების ტექნიკა – ეს მეთოდი გულისხმობს კუნთების თანდათანობით მოდუნებას. შეგიძლიათ კუნთები ერთი-ორი წამით დაძაბოთ და შემდეგ განტვირთოთ – ასე მთელი სხეულის მოდუნებაა შესაძლებელი.
- გონების გადართვა და მედიტაცია – გონების მოდუნება და შინაგანი სიწყნარის მიღწევა შესაძლებელია მედიტაციით, ვიზუალიზაციის ან ყურადღების სხვა საგანზე გადატანით. ამ დროს შეიძლება წარმოვიდგინოთ მყუდრო და მშვიდი ადგილი.
- შფოთვის მიზეზების გააზრება და რეალისტური ფიქრები – შფოთვის მიზეზების გააზრება გვეხმარება, რომ გავაცნობიეროთ რეალური საფრთხე, შევამჩნიოთ, რამდენად ობიექტური და მართალია ჩვენი ფიქრები. ეს მიდგომა გვეხმარება, განვსაზღვროთ, რისი მართვა შეგვიძლია, და აღარ ვიფიქროთ იმაზე, რაც ჩვენს კონტროლს სცდება.
- სავარჯიშოები და ფიზიკური აქტივობა – ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა სეირნობა, ვარჯიში ან იოგა, ეხმარება ტვინს ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონების) გამოყოფაში, რაც თავის მხრივ ამცირებს შფოთვას.
- ემოციური მხარდაჭერა – მეგობრებთან ან ახლობლებთან საუბარი ხშირად შვებას გვაძლევს, ვაზიარებთ ემოციებს და ვიღებთ მხარდაჭერას მათგან.
- პროფესიონალური დახმარება – თუ შფოთვა მუდმივი და ინტენსიურია, ფსიქოლოგთან კონსულტაცია ან თერაპია შეიძლება საუკეთესო გამოსავალი იყოს.
შფოთვის მართვის სწავლა გარკვეულ დროსა და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ ამ უნარის განვითარება ყოველდღიურ ცხოვრებაში ბალანსისა და სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. მთავარია, გვახსოვდეს, რომ შფოთვა ბუნებრივი და დროებითია – მისი მართვა ყველასთვის შესაძლებელია.


